ევროკავშირში ზეითუნის ზეთის წარმოება 30%-ით გაიზრდება

2024/2025 წლებში ზეითუნის ზეთის წარმოება ევროპაში 2 მლნ ტონას მიაღწევს, რაც გასულ სეზონზე 31%-ით მეტია, ხოლო ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს 9%-ით აღემატება.

ინფორმაციას Reuters აგროსექტორის შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიზეზად ესპანეთში წარმოების მკვეთრი ზრდა სახელდება, რომელიც ტოპ მწარმოებელი ქვეყანაა და გვალვის ზარალისგან გამოდის. ანგარიშის მიხედვით, ესპანეთის, ასევე, საბერძნეთისა და პორტუგალიის წარმოება იტალიის ნაკლებმოსავლიან წელიწადს დააკომპენსირებს.

ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2024-2025 წლებში ქვეყანაში ზეითუნის ზეთის წარმოება 48%-ით გაიზრდება და 1,26 მლნ ტონას შეადგენს. გაზაფხულის წვიმებმა ზეთისხილის ადრეული ზრდის სტიმულირება მოახდინა, თუმცა მოსავლის საბოლოო დონისთვის უახლოესი კვირების ამინდს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

წინა ორი წლის გვალვამ და სიცხემ ესპანეთში წარმოება შეამცირა, ზეითუნის ზეთის ფასი რეკორდულ დონემდე გააორმაგა და შინამეურნეობები აიძულა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ზეითუნის ზეთთან შედარებით, მეტი მზესუმზირის ზეთი ეყიდათ, რამაც მოხმარების მოდელის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.

ევროკომისიის პროგნოზით, 2024/25 სეზონურ წელს ევროკავშირში მოხმარება 7%-ით გაიზრდება, მაშინ, როცა ბოლო ორი წლის განმავლობაში 22%-ით შემცირდა, ხოლო მიწოდების მოსალოდნელი აღდგენა ფასების ბოლოდროინდელ ვარდნას გაახანგრძლივებს.

„2024/25 სეზონურ წელს მთავარი გაურკვევლობა ის არის, თუ რამდენად სწრაფად მოერგება ფასები გაზრდილ ხელმისაწვდომობას და როგორი იქნება მომხმარებლის რეაგირება მაღალი ფასების დროს შეცვლილი მოხმარების ჩვევების ფონზე,” - წერია ანგარიშში.

ამასთან, პროგნოზის თანახმად, ევროკავშირიდან ზეითუნის ზეთის ექსპორტი 10%-ით გაიზრდება, ხოლო იმპორტი 7%-ით შემცირდება. თუმცა ევროკომისია დასძენს, რომ კონკურენტუნარიანი ფასების მწარმოებელი ქვეყნების, ტუნისისა და თურქეთის ძლიერმა მოსავალმა შესაძლოა, ვაჭრობის რებალანსი შეაჩეროს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ