„უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამად ყველა პროცესი გაყინულია - ყველა არჩევნების ჩავლას ელოდება"

უძრავი ქონების ბაზარზე ამ ეტაპზე ყველა პროცესი გაყინულია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ ისაუბრა.

როგორც ის განმარტავს, ყველა არჩევნების ჩავლას ელოდება. ურუშაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე პროცესების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კურსით განაგრძობს სვლას არჩევნების შემდეგ ქვეყანა.

„ამ წუთას მოლოდინის მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე, ყველა ელოდება არჩევნებსა და მის შედეგებს. ფაქტობრივად, ამჟამად გაყინულია ყველაფერი და მთელი ყურადღება მიმართულია იქითკენ, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები, იქნება თუ არა არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და ზოგადად, რა მიმართულებით წავა ქვეყანა.

გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ უძრავი ქონების სექტორში ინტერესები ძალიან მაღალია. დოლარი სარეკორდო ნიშნულზეა. იცით რომ, უძრავი ქონება დოლარზე კვოტირებული ბაზარია და დოლარის კურსის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მომავალი პროცესები“, - აღნიშნავს ურუშაძე.

ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები დაპაუზებულია, უძრავ ქონებაზე ფასები და მოთხოვნა ამ ეტაპზე სტაბილურად არის შენარჩუნებული.

„ფასები უძრავი ქონების სექტორში სტაბილურია ამჟამად. რაც შეეხება მოთხოვნას წინა პერიოდში, დამოკიდებულია კონკრეტულ სეგმენტზე. მაგალითად, ზოგიერთ მიმართულებაზე დიდია მოთხოვნა, ზოგიერთზე დაბალია. საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა სავაჭრო ობიექტებზე და საგრძნობლად შემცირებულია სამეწარმეო ფართებზე, მეწარმეობა გაყინულია დიდი ხანია და მოთხოვნა ნაკლებად არის“, - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ.

მერი ტაბატაძე