„სადაზღვევო პრემიის 70%-ს იხდის სახელმწიფო. პრაქტიკულად, სადაზღვევო პრემიის 70%, არის ფერმერის სიმშვიდის ბილეთი,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული აგროდაზღვევა არის ევროპული მოდელის მიხედვით შექმნილი. ხანიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი აგროდაზღვევა კულტურებისა და რისკების დიდ ნაწილს ფარავს.
„ისმის კითხვა, რატომ არ აზღვევენ? არ აზღვევენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ სწორი შეხედულება ჩამოყალიბებული საკუთარი საქმის მიმართ, თავისივე გარჯას სერიოზულად არ უყურებენ და რისკებს არ აზღვევენ. როდესაც კრიტიკული მდგომარეობა დგება, ძალიან ხშირ შემთხვევაში ფერმერი ფიქრობს, ვის გადააბრალოს პასუხისმგებლობა და ამ სიაში საკუთარი თავი ყველაზე ბოლოს ჰყავს.
ფერმერი ცდილობს არ დააზღვიოს, მაგრამ სეტყვა თუ მოდის, პრობლემაა. დაზღვევა არის მუდმივი ხარჯის ნაწილი, როგორც ბოსტნეულსა თუ მრავალწლიან კულტურებს ვერ მოიყვან მოხვნის, დადისკვისა თუ შეწამვლის გარეშე, დაზღვევაც სწორედ ასე უნდა იყოს. შრომა დაზღვევის გარეშე არაფერია,“ - აღნიშნავს გელა ხანიშვილი.
როგორც მან აღნიშნა, ფერმერები ჩივიან ხშირად იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიები მათ მოსავალსა და დანაკარგს შესაბამისად არ აღწერენ. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა, შემუშავდეს ევროპული მოდელი, რომლის მიხედვითაც, სეტყვას ასახავს სისტემა და დაზღვეული ფერმერები სადაზღვევო პრემიას ავტომატურად იღებენ.
„სადაზღვევო კომპანია არის ბიზნესი და იმაზე მეტ ზიანს არ აანაზღაურებს, რაც არის. ამ კომპონენტში შესაძლოა, მეტი სამუშაო იყოს - არის დაზღვევის სხვადასხვა შესაძლებლობა, მაგალითად როდესაც მეტეო სადგურების ქსელით მეტად იქნება დაფარული საქართველო, შესაძლებელი იქნება ანაზღაურება მოხდეს ევროპული მოდელის მიხედვით - მოვიდა სეტყვა, დააფიქსირა ეს სადგურმა და პირდაპირ იღებს ფერმერი სადაზღვევო პრემიას. აღარ სჭირდება ამ დროს სადაზღვევოს ადგილზე მისვლა, ის ამით ხარჯებს ამცირებს და ფერმერი გარანტირებულად იღებს პრემიას - იქამდე დიდი გზაა.
ერთადერთი დასაზღვევია საგაზაფხულო და საშემოდგომო წაყინვები. წაყინვების თემა არის ის, რაც მუშაობს აჭარაში ციტრუსთან დაკავშირებით. შეიძლება იმსჯელო იმაზე, თუ რა დაამატო და რით გააფართოვო არსებული დაზღვევა, მაგრამ ჯერ ის გავაკეთოთ, რაც გვაქვს და მერე გაფართოებაც იქნება,“ - აღნიშნა მან.