წერეთელი-მირზოვკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს სავტომობილო გზის 12.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 770 700 ლარია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის კმ4-კმ16 მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მთლიანად აღდგება საგზაო საფარი, მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საგზაო სამოსი. განხორციელდება მიერთებების, მილების, კიუვეტების, გაჩერებების, ტროტუარების, საგზაო ნიშნებისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზა წარმოადგენს ქალაქ მარნეულიდან უმოკლეს კავშირს წითელ ხიდამდე (აზერბაიჯანის საზღვარი), გამოიყენება როგორც სატრანზიტო, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის სოფლებს: წერეთელი, მირზოევკა, მუღანლო და ქესალო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები 2015 წლის თებერვალში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.