ეკონომიკაში ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატები აშშ-ის მეცნიერები გახდნენ. მათ პრემია ახალი იდეებისთვის მიიღეს, რომლებიც ქვეყნებს შორის სიმდიდრის მიხედვით უზარმაზარ განსხვავებებს განმარტავს.
ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
კერძოდ, შვედეთის ბანკის მიერ დაარსებული და დაფინანსებული ალფრედ ნობელის მემორიალური პრემიის გამარჯვებულები ეკონომიკაში დარონ აჯემოღლუ, საიმონ ჯონსონი და ჯეიმს რობინსონი არიან. ამის შესახებ სტოკჰოლმში შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის ნობელის ეკონომიკის დარგის კომიტეტმა გამოაცხადა.
ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, თუ როგორ იქმნება საზოგადოებრივი ინსტიტუტები და როგორ მოქმედებენ ისინი კეთილდღეობაზე. მათი დასკვნით, საზოგადოება, სადაც უფლებები სუსტად არის დაცული და რომელშიც ინსტიტუტები მოსახლეობას ექსპლუატაციას უწევენ, ზრდას ან უკეთესობისკენ ცვლილებებს არ გენერირებს.
აჯემოღლუმ, ჯონსონმა და რობინსონმა აჩვენეს, რომ კეთილდღეობის მიხედვით ქვეყნებს შორის განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი ევროპელების მიერ კოლონიზაციის დროს შექმნილი საზოგადოებრივი ინსტიტუტებია. ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც ადრე მდიდარი ქვეყნები იყვენენ, მიზანი ძირძველი მოსახლეობის ექსპლუატაცია და კოლონიზატორთა სასარგებლოდ რესურსების მოპოვება იყო. აქ ძლიერდებოდა ე.წ. ექსკლუზიური ინსტიტუტები, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და შემოსავლების განაწილებაში საზოგადოების უმეტეს ნაწილს გამორიცხავდნენ. ამდენად, ლაურეატების აზრით, ეს ქვეყნები გაღარიბდნენ და მათში არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება.
სხვა ღარიბ ქვეყნებში კოლონიზატორებმა ევროპელი მიგრანტების გრძელვადიანი სარგებლობისთვის ინკლუზიური ინსტიტუტები ჩამოაყალიბეს. დროთა განმავლობაში სწორედ ამ ინსტიტუტებმა განაპირობა მოსახლეობის აყვავება.
„ქვეყნებს შორის შემოსავლებში უზარმაზარი განსხვავების შემცირება ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ლაურეატებმა აჩვენეს საზოგადოებრივი ინსტიტუტების მნიშვნელობა ამ მიზნის მისაღწევად,“ - აცხადებს ნობელის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, იაკობ სვენსონი.
ცნობისთვის: ნობელის ეკონომიკის პრემია პირველად 1969 წელს იქნა მინიჭებული, ხოლო 2023 წელს ის ამერიკელ კლაუდია გოლდინს “ქალთა შრომის ბაზრის შედეგების უკეთ გაგებაში შეტანილი წვლილისთვის” გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება. პრემიის ოდენობა თითოეულ კატეგორიაში 11 მლნ კრონი, ანუ 1,1 მლნ დოლარია. ეკონომიკის დარგის ლაურეატებზე ეს თანხა სამად გაიყოფა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ