ევროპაში ვენახის ამჟამინდელი ტერიტორიების 70%-ზე მეტი 21-ე საუკუნის ბოლოსთვის შესაძლოა, უვარგისი გახდეს, რაც კლიმატის ცვლილებას, გვალვასა და ამინდის ექსტრემალურ მოვლენებს უკავშირდება.
ამის შესახებ ბორდოს, პალერმოსა და ბურგუნდიის უნივერსიტეტების კვლევაში წერია, რასაც Gambero Rosso ავრცელებს.
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება ღვინის გლობალურ ლანდშაფტს ხელახლა განსაზღვრავს და მევენახეობას მთებსა და ჩრდილოეთ განედზე გადაანაცვლებს.
ამასთან, ტემპერატურის ზრდა და კლიმატის ცვლილება ღვინის ბევრ ისტორიულ რეგიონს მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნები არიან, როგორიც იტალია, ესპანეთი და საბერძნეთია.
ამდენად, მთებსა და უფრო ჩრდილოეთ განედზე მდებარე ახალი ადგილები უახლოეს მომავალში მევენახეობისთვის შესაძლოა, შესაფერისი ტერიტორია გახდეს. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში სამხრეთ ინგლისი და ჩრდილოეთ საფრანგეთი მეღვინეობის ზონებად იქცა.
ჩრდილოეთის გარდა, მევენახეობა უფრო მაღალ ფერდობებზე გადაინაცვლებს. იტალიაში, დაახლოებით, ათასი მეტრ სიმაღლის ტერიტორიებზე, როგორიც ვალტელინა, ვალე-დ'აოსტა და ეტნაა, მეღვინეობა დიდი ხანია, წარმატებულია.
თუმცა ექსპერტებს ტემპერატურის მატებაზე მეტად ყინვები და ჭარბი ნალექიც აშფოთებთ. ბიოლოგების აზრით, შესაძლოა, უფრო ეფექტური და ტენიანობისადმი მდგრადი ჯიშების გამოყენება ერთ-ერთი გამოსავალი გახდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ