„რამდენიმე ათეული მაღაზია დაიკეტა წლიურად, არ არსებობს გარანტიები - ათეულობით მილიონი ლარი შეიძლება გაიყოლოს“

„ზარალი ინდივიდუალურია, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც წლის ჭრილში, რამდენიმე ათეული მაღაზია დაიკეტა და კომპანიებისთვის მინიმუმ 10 000 ლარის, ვიღაცისთვის კი 100 000 ლარის ზარალიც იყო,“ - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ძირითად პრობლემას ქსელური მარკეტების ე.წ ფრანჩაიზები წარმოადგენენ, რომელთა ნაწილი იხურება, პროდუქციის ფულზე კი, პასუხისმგებელი არავინ არის.

„კომპანიები ძირითადად პრობლემას აწყდებიან, ე.წ კერძო სუბიექტებთან, რომლებიც სარგებლობენ „ფრანჩაიზით“. მაგალითად, რომელიმე ქსელური მარკეტის „ფრანჩაიზს“ იყენებს, შემდეგ იხურება და იმ ფინანსურ ვალდებულებას არავინ იხდის, რაც აქვთ მიმწოდებლების წინაშე. რამდენიმე მაღაზიამ, შეიძლება ერთი მიმწოდებლისგან გაიყოლოს რამდენიმე ათასი ლარი და ფიზიკურად შეუძლებელი ხდება მერე ამ თანხის ამოღება. მათ შორის, პრობლემა დადგა, ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის „ფრანჩაიზებთან“ მიმართებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით თვითონ ქსელთან გვქონდა შეხვედრა და ვითხოვეთ, რომ პასუხისმგებლობების გადანაწილება და აღება მომხდარიყო იმ დაკეტილ მაღაზიებზე, რომლებიც ცალკე იურიდიული პირები იყვნენ და კომპანიები კონტრაქტით იძულებული იყვნენ მიეწოდებინათ პროდუქცია. ისე მოხდა, რომ ეს კომპანიები დაიკეტა და ამ ვალზე პასუხისმგებელი არავინ იყო. მოლაპარაკებების ფარგლებში, გარკვეული კატეგორიის მაღაზიებზე პასუხისმგებლობის აღება მოხდა,“ - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

მისი თქმით, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც მაღაზიის დახურვის შემთხვევაში, ვალის ამოღებას შეძლებენ, შესაბამისად, თუ რომელიმე ქსელი დაიკეტა, დისტრიბუტორებისთვის გადასახდელ ათობით მილიონ ლარს გაიყოლებს.

„ზარალი ინდივიდუალურია, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც წლის ჭრილში, რამდენიმე ათეული მაღაზია დაიკეტა და კომპანიებისთვის მინიმუმ 10 000 ლარის, ვიღაცისთვის კი 100 000 ლარის ზარალიც იყო. მთლიან ჯაჭვში, როდესაც ბევრი მიმწოდებელი ჰყავს მაღაზიას, ეს თანხა საკმაოდ სოლიდური გამოდის. გვინდა თუ არა, ეს ზარალი რასაც ნახულობს მიმწოდებელი (ადგილობრივი მწარმოებელი, თუ იმპორტიორი), საბოლოდ, ამ რისკს დებს იმ ფასში, რა ფასითაც პროდუქტი ხვდება თაროზე.

(მაღაზიების) დახურვის ძირითად მიზეზებს რაც შეეხება, დაზუსტებით ვერ გეტყვით. ზოგიერთ შემთხვევაში ვიღაც შეიძლება მიზანმიმართულად აკეთებდეს, ან უბრალოდ სწორად ვერ ოპერირებდეს. საბოლოოდ კი, მისი ბიზნეს საქმიანობა წარუმატებელი იყოს და ამიტომ დაიხუროს. მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პატარა მაღაზია თუ დიდი ობიექტი, ამ ურთიერთობებში არ არსებობს რაიმე მექანიზმი და გარანტიები. ასეულობით მილიონი ლარის პროდუქციაა ახლაც განთავსებული ქსელებში, რომლის უზრუნველყოფის საშუალება არ არსებობს. რომელიმე ქსელი რომ დაიხუროს, გაიყოლებს ათეულობით მილიონ ლარს. წარსულს თუ გადავხედავთ, იყო შემთხვევები, როდესაც ათეულობით მილიონი ლარი გაიყოლეს ამა თუ იმ ქსელურმა ობიექტებმა, რომლებიც გავიდნენ ბაზრიდან“- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ნინი ქეთელაური