2025 წლის შემდეგ, უკრაინა აღარ გააგრძელებს კონტრაქტს რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის სტრატეგიული მიზანია რუსულ გაზზე სანქციების დაწესება და კრემლისთვის ნახშირწყალბადების გაყიდვით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა.
ენერგეტიკის კვლევითი ცენტრის (CREA) უახლესი მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსული ენერგორესურსების წილი ევროპულ ქვეყნებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
უნგრეთი - რუსული წიაღისეული საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ევროკავშირის ფარგლებში, რომელმაც 340 მილიონი ევროს ღირებულების წიაღისეული საწვავი იყიდა. მარტო სექტემბრის იმპორტი მილსადენით მოიცავდა ნედლ ნავთობს 156 მლნ ევროს და გაზს 184 მლნ ევროს მოცულობით.
იტალია - უნგრეთის მერე ევროკავშირში გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, რომელმაც რუსული მილსადენით 281 მლნ ევროს ღირებულების გაზი იყიდა.
საფრანგეთმა, სიდიდით მესამე მყიდველმა ევროკავშირში, 264 მლნ ევროს ღირებულების თხევადი გაზი ექსკლუზიურად შეიტანა.
სლოვაკეთმა 58 მლნ ევროს ნავთობისა და 93 მლნ ევროს გაზის იმპორტი განახორციელა.
ჩეხეთმა 90 მილიონი ევროს ნავთობი და 55 მილიონი ევროს გაზი რუსეთიდან უკრაინის გავლით შეიძინა.
რაც შეეხება რუსული გაზის უმსხვილეს შემსყიდველს მსოფლიოში, დიდი წილი ჩინეთზე მოდის. სექტემბერში ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან ჩინეთში 58%-ს შეადგენდა, რაც 3.3 მლრდ ევროს უტოლდება.