2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში ბიზნესი ხელის შემშლელ ფაქტორებად სასამართლო და ადმინისტრაციულ საკითხებს ასახელებს. ასეთია, BAG-ის კვლევის შედეგი, რომლის ფარგლებშიც საანგარიშო პერიოდში რამდენიმე ასეული კომპანია გამოიკითხა. კერძოდ, კვლევის მიხედვით, სასამართლო ბარიერებზე საუბრისას გამოკითხულთა 40% პრობლემურად მიჩნევს სასამართლოს სისტემას, 55% ადმინისტრაციულ საკითხებს, 75% კი მარეგულირებელ სისტემას.
საქართველოში რომ სასამართლოს პრობლემები აქვს, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილიც ადასტურებს. როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ბევრი მაგალითი გვაქვს იმისი, რომ საქართველოში ჩამოსული ინვესტორი, ადგილობრივი სასამართლოს გაუმართაობის „მსხვერპლი“ ხდება და ბუნებრივია, მას ასეთ ქვეყანაში ინვესტირების სურვილი აღარ აქვს.
ჩარგეიშვილი თქმით, ქართულ სასამართლოში წინა პლანზე გამოდის არაკომპეტენტურობის, პროფესიონალიზმის, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები.
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას 2 დღის წინ პოლიტიკური პარტიები გვყავდა მოწვეული. სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის ყველა საკითხი იყოს ნომერი პირველი დავალება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. სამწუხაროდ, წინა პლანზე გამოდის არაკომპეტენტურობის, პროფესიონალიზმის, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის გარეშეც სასამართლო უნდა მუშაობდეს.
ქართული იუსტიციის სისტემაში არსებული პრობლემები საკმაოდ ბევრია. ბევრი მაგალითი გვაქვს იმისი, რომ საქართველოში ჩამოსული ინვესტორი, ადგილობრივი სასამართლოს გაუმართაობის „მსხვერპლი“ ხდება და ბუნებრივია, მას ასეთ ქვეყანაში ინვესტირების სურვილი აღარ აქვს.
ამასთან, ბოლო წლებში მკვეთრად არამეგობრული გარემო ჩამოყალიბდა სასამართლოებსა და კერძო არბიტრაჟებს შორის. პირველად, ნაციონალების პერიოდში, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით ჩატარდა რეფორმა და შემოვიტანეთ არბიტრაჟის სისტემა, რომელიც ძალიან მარტივად აგვარებდა ურთიერთობას რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პანელზე სახელმწიფომ მაშინ წააგო სახელმწიფო დავა. როგორც ჩანს, ამის მერე სახელმწიფო ჩაიკეტა თავის ბუდეში და ამან შექმნა გარკვეული ტალღა, რაც არის.
ამის მერე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, თითქოს წინ წავედით და ბიზნესმაც ერთგვარი გეზი აიღო, მაგრამ აღმოვჩნდით ერთგვარ სპექტაკლში, მაგრამ სპექტაკლი მთავრდება და ეს სასამართლოები არ მთავრდება“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.