„შიდა ტურიზმის კუთხით წელს პრიორიტეტული იყო აჭარა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის გიდმა ლაშა ბერიკაშვილმა განუცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, წელს ვიზიტორები არამარტო ზღვისპირა კურორტებით, არამედ მთიანი აჭარითაც ინტერესდებოდნენ. გიდის თქმით, ეს ერთი მხრივ გამოწვეული იყო კარგი ამინდებით, მეორე მხრივ კი პიარ კამპანიებით.
„შიდა ტურიზმის კუთხით პრიორიტეტული იყო აჭარა, ამას ხელი შეუწყო კარგმა ამინდმა, ამინდის გამო ჩავარდნები ნაკლებად იყო. აჭარაში რომ ვესაუბრებოდით სექტორს, აღნიშნავდნენ, რომ ამ რაოდენობის ადამიანი არ ახსოვთ აჭარაში. ტენდენცია აჭარაში იყო ასეთი, რომ მარტო ზღვაზე ისვენებდნენ, არამედ უკვე დაინტერესდნენ აჭარაში მოგზაურობით, მაგალითად მაღალმთიან ნაწილში. აღნიშნულის მიმართ ინტერესს ხელი შეუწყო სარეკლამო აქტივობებმა, მაგალითად, ინფლუენსერების ჩამოყვანამ, ფოტო ტურების ორგანიზებამ და ა.შ ვფიქრობ, რომ ამინდები და აქტიური პიარი ერთმანეთს დაემთხვა და ამან განაპირობა დატვირთვა და აჭარა იყო აქტიური წელს“, - აღნიშნავს ბერიკაშვილი.
როგორც გიდი აღნიშნავს, გარდა აჭარისა, წელს ტურისტები დასასვენებელ მიმართულებად ირჩევენ კახეთს, იმერეთს, სვანეთსა და ყაზბეგსაც.