Ryanair გერმანიაში ფრენებს მკვეთრად შეამცირებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair 2025 წლის ზაფხულში გერმანიაში რეისებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამის შესახებ Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედი უილსონმა განაცხადა, რასაც Daily Express ავრცელებს.

ფრენების შემცირება მაღალი საოპერაციო ხარჯებით, კერძოდ, გერმანიის აეროპორტებში სხვადასხვა გადასახადისა და მოსაკრებლის ზრდით არის გამოწვეული.

ამდენად, ავიაკომპანია აღარ იფრენს ისეთ ქალაქებში, როგორიც დორტმუნდი, დრეზდენი და ლაიფციგია. ასევე, რეისების რაოდენობა ჰამბურგის მიმართულებით 60%-ით, ხოლო ბერლინის მიმართულებით 20%-ით შემცირდება.

უილსონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანიამ კოვიდპანდემიამდელ დონემდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ 82%-ით აღადგინა, რაც ევროპაში აღდგენის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მართალია, Ryanair-მა გერმანიის მთავრობას “შვიდწლიანი ზრდის გეგმა” წარუდგინა, მაგრამ, უილსონის თქმით, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

თავის მხრივ, გერმანიის ავიახაზების ფედერაციამ (BDF) და სექტორის კიდევ ერთმა ჯგუფმა, ADV-მა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს, რომ Ryanair-ის წასვლა ქვეყანაში საჰაერო მგზავრობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს, განსაკუთრებით კი ჰამბურგი დაზარალდა, რომელიც 2025 წელს სააეროპორტო გადასახადების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ