რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, 2 კვირით მუშაობა აეკრძალება

რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს კონდიციონერის ჩართვაზე უარის თქმის გამო, ხვალიდან 2-2 კვირით ხაზზე მუშაობა აეკრძალებათ, - ამის შესახებ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" განაცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, "თბილისის მიკროავტობუსი" მიკროავტობუსების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს, ამჟამად კომპანიამ 30 ივნისის მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. "მარშრუტზე მუშაობისას დღის ცხელ პერიოდში კონდიციონერი არ ჩართეს N48 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა გ. ქ.-მ და ფ. ჭ.-მ, N200 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა მ. ქ.-მ, N32 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ზ.ზ.-მ N171 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა ბ.გ.-მ, N75-ის მძღოლმა უ. ბ.-მ, N7-ის მძღოლმა ზ. გ.-მ, N205-ის მძღოლებმა ვ. ჭ.-მ და ნ. ო.-მ, N156-ის მძღოლმა ტ. კ.-მ და N6-ის მძღოლმა ბ. ა.-მ. აღნიშნულ მძღოლებს 2-2 კვირით აეკრძალებათ ხაზზე მუშაობა ა.წ. 2 ივლისიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, N51 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლი ა. ა. მარშრუტზე მუშაობის დროს ეწეოდა სიგარეტს, ამ დარღვევისათვის მას ერთი თვით 2 ივლისიდან აეკრძალება მუშაობა. ასევე N192 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლმა უნაბართვოდ გადაუხვია მარშრუტიდან. აღნიშნული დარღვევისათვის მას მუშაობა 10 დღით აეკრძალება.