„უნდა შევძლოთ უფრო სუფთა წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის - ახლა სუფთას ვერ ვაწვდით“

„უნდა შევძლოთ უფრო სუფთა წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის - ახლა სუფთას ვერ ვაწვდით“ - როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ისაუბრა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სუფთა წყლით მხოლოდ დიდ ქალაქებს უზრუნველყოფს.

„2026 წელს წყალთან დაკავშირებით კანონის ძირითადი მუხლების ამოქმედება იგეგმება, მანამდე კეთდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც არის ძალიან სერიოზული მოსამზადებელი, როგორც წყლის ხარისხთან მიმართებაში, ასევე პრობლემები გვაქვს მელიორაციის კუთხით, რომელიც ისედაც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში.

საქართველოში მელიორაციის არგამართულ სისტემებზე არის დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება და შესაბამისად, ამას სხვა ტიპის მართვა სჭირდება. ეს სისტემები უნდა მოვიდეს მწყობრში იმისთვის, რომ უნდა შევძლოთ უფრო სუფთა წყლის მიწოდება მოსახლეობისთვის. ახლა სუფთას ვერ ვაწვდით, რადგან წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები საქართველოს აქვს ძალიან ცოტა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რასაც აკეთებს, ეს ხდება მხოლოდ დიდ ქალაქებში და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. დანარჩენი არის მუნიციპალური განკარგვის ქვეშ. როგორც წესი, სოფელში წყალგაყვანილობა ნაკლებად არის და ნაკლებია ასევე გამწმენდი ნაგებობები, რათა მოსახლეობამდე მოხდეს სუფთა წყლის მიყვანა“, - განაცხადა ჩხობაძემ.

მან საკანალიზაციო პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უფრო სავალალო მდგომარეობაშია.

„არაფერს აღარ ვამბობ საკანალიზაციო სისტემებზე, რომლებიც უფრო სავალალო მდგომარეობაშია ფაქტობრივად ყველა დასახლებულ პუნქტში. მარტო ის, რომ თბილისის ახალი საზღვრები ბოლომდე არ არის კანალიზირებული, ესეც კი პრობლემაა, ანუ დედაქალაქში გვაქვს პრობლემები და თვითმმართველ ქალაქებზე ვეღარაფერს ვიტყვი, მითუმეტეს მუნიციპალიტეტებზე, სადაც ეს პრობლემა ძალიან მწვავეა.

ასე რომ, გამოწვევები საკმაოდ ბევრი გვაქვს. ყველაზე მთავარი, რატომ არის საკანალიზაციო სისტემა მნიშვნელოვანი, ამაზეა დამოკიდებული სუფთა იქნება თუ არა მდინარე“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ეკა დარჩიაშვილი