„უძრავი ქონების შეძენით ყველაზე ხშირად რუსები ინტერესდებიან - დიდია მოთხოვნა არაბებისა და ბელარუსების მხრიდანაც“

„საცხოვრებელი ბინების გასაქირავებელი ფასი საკმაოდ შემცირდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ G.Miller International Georgia-ს დირექტორმა, ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბინის დაქირავებაზე მოთხოვნაც შემცირებული, რაც უკავშირდება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ემიგრანტების რაოდენობის შემცირებას.

„საცხოვრებელი ბინების ქირის ფასი საკმაოდ შემცირდა წინა პერიოდებთან შედარებით. ეს უკავშირდება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან წინა პერიოდებში ემიგრაციის შემცირებას. იმ ეტაპზე, როდესაც მათი მიგრაცია მაღალი იყო, აღნიშნული პირები ძირითადად ქირაობდნენ ბინებს და საკმაოდ დიდი ბუმი შექმნეს, რამაც გაზარდა ფასები.

ამას შემდეგ მოჰყვა მოთხოვნის დაცემა, ამ ადამიანების ნაწილი ან ქვეყანაში დაბრუნდა, ან დაიწყეს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვა. ძირითადად ყიდულობენ ბინებს, რამაც ქირაზე ნეგატიური გავლენა იქონია და ფასების შემცირება გამოიწვია. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინების დაქირავება მოთხოვნადი არ არის“, - ამბობს ურუშაძე.

როგორც მანვე აღნიშნა, უცხოელების მხრიდან საცხოვრებელი ბინების შეძენის კუთხით მოთხოვნა მზარდია. ურუშაძემ დასძინა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით რუსები აქტიურობენ.

„უძრავი ქონების ყიდვის სურვილს ყველაზე ხშირად რუსები გამოთქვამენ, დიდია მოთხოვნა ასევე არაბებისა და ბელარუსების მხრიდან. აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ბინებს ყიდულობენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ.

ცნობისთვის, Colliers Georgia-ს უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დედაქალაქში 10 377 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-იან ზრდას აჩვენებს. ამავე კვლევის მიხედვით, ბაზრის ზომა 14%-ით, 718 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

მერი ტაბატაძე