„შესასწავლია ფაქტია, როდესაც ავტომობილი ერთ ცენტრში დახარვეზდება და 20 წუთში მეორეში გაივლის ინსპექტირებას“

„2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი დაიწყება,“ - ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოხდება მონიტორინგი და გარკვეულ პერიოდში ერთხელ ამა თუ იმ ცენტრს მონიტორინგის შედეგები მიეწოდება.

„ინსპექტორების ცენტრები ვერ იფუნქციონირებს თუ აკრედიტაციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. მაგალითად, ცენტრის შენობის შესახებ, თავად ინსპექტორის კვალიფიკაციის შესახებ და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია წესი, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახლა წერს - თუ რა წესით მოხდება მონიტორინგი,“ - აღნიშნა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მხრიდან დარგში არსებული პრობლემები სააგენტოსთვის უკვე ცნობილია.

„ჩვენი პრობლემები სააგენტოსთვის უკვე ცნობილია და პირველ რიგში ეს შეეხება არაერთგვაროვან ინსპექტირებას. მაგალითად, როდესაც ავტომობილი ერთ ცენტრში დახარვეზდება და 20 წუთში მეორე ცენტრში გაივლის ინსპექტირებას, ფაქტია, რომ ან ერთ ცენტრშია პრობლემა, ან - მეორეში. აქ შეიძლება იყოს კადრის პრობლემა, მიკერძოებულობა და ა.შ. შესასწავლი ფაქტია, რომელთა შესწავლაც ამ ეტაპზე არ ხდება და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, რათა მსგავსი რამ აღარ მოხდეს. ეს ყველაფერი ბაზაში ჩანს და ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე საათში მანქანის გამონაბოლქვის პრობლემა არ გვარდება,“ - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი