ქუთაისის აეროპორტი ერთადერთი იქნება საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს მიიღებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენების შემდეგ, საქართველოში ერთადერთი იქნება, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდი - 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

„ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენ ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.

პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე