„მეტროში ელექტროგაყვანილობა მოძველებულია და სჭირდება დროულად რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება მისი გაჩერება,“ - ამის შესახებ მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ bpn.ge-სთა საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის მეტრო თვეში ერთხელ მაინც შეფერხებით მუშაობს. გარკვეული პრობლემები იყო რამდენიმე დღის წინაც, მიზეზად კი ყველა შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზი, ან ძაბვის ვარდნა სახელდება. სწორედ აღნიშნული მიზეზით, ივნისში, მეტროს თანამშრომლებს მგზავრების გვირაბიდან გამოყვანაც კი დასჭირდათ.
როგორც გიორგი ჯაფარიძე აღნიშნავს, მაშინ, როდესაც მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამტარი და სწრაფად გადაადგილების საშუალებაა, თბილისისთვისაც მეტრო უნდა იყოს ბევრად ეფექტური ვიდრე დღეს გვაქვს.
„მე ასეთი ინფორმაცია მაქვს და ერთ-ერთ შეხვედრაზე ითქვა, რომ მეტროში ელექტროგაყვანილობა მოძველებულია და სჭირდება დროულად რეაბილიტაცია. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება მეტროს გაჩერებები, რომ მგზავრებს საფრთხე არ შეექმნათ. ეს ლოგიკურიც არის. მას სჭირდება დროული გამოცვლა, რეაბილიტაცია, რომ მეტრომ შეფერხებების გარეშე, ჩვეულ რეჟიმში იმუშაოს.
ზოგადად, მეტრო ყველა ქვეყანაში ითვლება სწრაფად გადაადგილების საშუალებად, მისი გაჩერება იწვევს ავტობუსების გადავსებას და რა თქმა უნდა, საცობებსაც. ამიტომ, მეტრო უნდა იყოს ბევრად ეფექტური, მეტიც, უნდა დაემატოს ახალი ხაზები, მიწისზედა (თუ მიწისქვეშას საშუალება არ არის). უფრო სწრაფი და ეფექტური მუშაობაა საჭირო, იმიტომ, რომ მეტრო არის ყველაზე სწრაფი გამტარი ზოლი.
ამას ემატება ის, რომ „მეტრო ვარკეთილის“ რეაბილიტაცია როდის დაიწყო, აღარც კი გვახსოვს, ასევე 1 წელზე მეტია მიდის სარემონტო სამუშაოები „ავლაბრის მეტროში“... თუ გვაქვს ის პოლიტიკა, რაც იდეაში სწორია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს და ამას ვემხრობით, მაშინ მერიის მხრიდან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას“,- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.