ინდონეზიაში, სადაც პოპულარული დასასვენებელი კუნძული ბალი მდებარეობს, ხელისფლებამ საიმიგრაციო კანონები გაამკაცრა, რომლის დარღვევისთვის ტურისტებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ინფორმაციას NusaBali ავრცელებს.
კერძოდ, ახალი დადგენილებით, ინდონეზიაში ყოფნის ვადის დარღვევისთვის სასჯელის ვადა 6-12 თვიდან 10-20 წლამდე იზრდება. მეტიც, უცხოელებს, რომლებიც სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენენ და მასში იქნებიან ეჭვმიტანილი, ასევე, მათ, ვისაც ამის გამო თავისუფლების აღკვეთა 5 წელზე მეტი ვადით ემუქრებოდა, ამიერიდან შესაძლოა, თავისუფლების უვადო აღკვეთა დაემუქროთ.
ახალი წესები ოპერაცია “Jagratara 2024”-ის ფარგლებში დაინერგა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ტარდება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად. დამრღვევი პირების დასაკავებლად ინდონეზიის ქალაქების ქუჩებში დამატებით 125 ინსპექტორი გამოვა.
ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა სამინისტროს იმიგრაციის გენერალურმა დირექტორმა, სილმი კარიმმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ სადამსჯელო, არამედ პრევენციული ხასიათისაა, რადგან “ასეთმა მკაცრმა ზედამხედველობამ უცხოელები წესის დარღვევამდე ორჯერ უნდა დააფიქროს.”