ქართველ ექსპორტიორებს 3-4 თვეა გრძელვადიან კონტრაქტებს აღარ უფორმებენ. ამის შესახებ bpn.ge-ს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე ესაუბრა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და სანქციების მოლოდინია. როგორც გვანცა მელაძე ამბობს, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, საერთაშორისო საცალო ქსელები თავს იკავებენ ახალი კონტრაქტების გაფორმებისგან.
„ექსპორტის განვითარების ასოციაცია აქტიურად ვთანამშრომლობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, შესაბამისად, მეტწილად იქიდან მოგვდის ინფორმაცია. ვინაიდან, იქ გვაქვს ლატვიური ექსპორტის საკონსულტაციო კომპანიის „ფრანჩაიზ“ ოფისი. სწორედ იქიდან მოდის ასეთი უკუკავშირი, რომ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა და ზოგადად ეს მიმართულება არის შეჩერებული.
ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სანქცირების მოლოდინის რეჟიმში არის ქვეყანა და საერთაშორისო საცალო ქსელებს არ უნდათ გაპრობლემება, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, არ უნდათ, რომ ბელარუსის სცენარი განვითარდეს ჩვენთანაც და შემდეგ მოუწიოთ გარკვეული კონტაქტების გაუქმება. შესაბამისად, რასაც ჩვენ ვუყურებთ არის ის, რომ ახალი საპარტნიორო, გრძელვადიანი შეთანხმებების დადება ფაქტობრივად, არ ხდება ალბათ, უკვე 3-4 თვეა.
მანამდე პრობლემა იყო ბორჯომის დასანქცირების თემა, რამაც გამოიწვია პანიკა, რადგან არავინ ელოდა, რომ ქართული კომპანია იქნებოდა დასანქცირებული (რუსეთთან მიმართებით) და ამან გააღვივა კიდევ უფრო მეტად ეჭვები, რომ შესაძლოა, რომელიმე მსხვილი კომპანიის მეწილე აღმოჩნდეს სანქცირებულთა სიაში და უფრო რეალური გახადა ეს უარყოფითი მოლოდინები“,- ამბობს გვანცა მელაძე.