გამოკითხულთა 90% ციფრული მაუწყებლობის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება

გამოკითხულთა 90% ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მათი 49% ამ ცვლილებას მოუმზადებელი ხვდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38% სატელევიზიო სიგნალს სატელიტური თეფშით იღებს, 32% - ანტენით, 25% - კაბელების მეშვეობით, 4% კი ინტერნეტით.  გამოკითხულთა მხოლოდ 8% აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ 2015 წლის ზაფხულიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, ხოლო 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება იმას, თუ რის გაკეთებას აპირებს მოსახლეობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის, 16% აცხადებს, რომ მათ აქვთ ტელევიზორი, რომელსაც აქვს შესაბამისი მხარდაჭერა და არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ. 12%-ის თქმით, ისინი არიან საკაბელო, სატელიტური ან ინტერნეტ ტელევიზიის მომხმარებელი და ასევე არაფრის გაკეთება არ ესაჭიროებათ. 7% აპირებს სპეციალური სეთ ტოპ ბოქსების შეძენას, ასევე 7% აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველია და სეთ ტოპ ბოქსები უფასოდ გადაეცემათ, 2% აპირებს ახალი ტელევიზორი შეიძინოს, რომელსაც შესაბამისი მხარდაჭერა ექნება, 1%-ის თქმით, მათ უკვე შეიძინეს სეთ ტოპ ბოქსი. გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ, არაფერს აპირებენ, ან არ იციან, რისი გაკეთებაა საჭირო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. ამასთან გამოკითხულთა 6%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2015 წლის 28 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 3,7%-ია.