ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტი იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 22,7 მლნ ტონიდან 21,7 მლნ ტონამდე, ანუ 4,4%-ით შემცირდა.
ინფორმაციას Reuters აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუმცა ბთჯ-ის მილსადენით გადაზიდული ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 3,820 მილიონიდან 4,005 მლნ ტონამდე გაიზარდა.
გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,1% აზერბაიჯანის წილია, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 28,8 მლნ ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის გარდა, ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტს ყაზახეთი და თურქმენეთიც ეწევა.
აქედან ყაზახეთი, კერძოდ, ნავთობსატრანსპორტო კომპანია, “ყაზტრანსოილი” სექტემბერში ბთჯ-ის მილსადენით 140.000 ტონა ნავთობის მიწოდებას გეგმავდა, მაშინ, როცა აგვისტოში მიწოდებამ 117.390 ტონა შეადგინა.
ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენი ნავთობს ხმელთაშუა ზღვის თურქეთის სანაპიროზე მდებარე პორტ ჯეიჰანს შემდგომი სატანკერო ტრანსპორტირებისთვის აწვდის. ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1,768 კილომეტრია. მისი სიმძლავრე დღეში 1,2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა, თუმცა, პროექტის თანახმად, მილსადენს დღეში 2,2 მლნ ბარელამდე გაზრდის რესურსი აქვს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ