ფისკალური რისკების ძირითადი წყაროებია სახელმწიფოს საწარმოები, კვაზი-ფისკალური აქტივობები - აუდიტის დასკვნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე

ფისკალური რისკების ძირითადი წყაროებია სახელმწიფოს საწარმოები, კვაზი-ფისკალური აქტივობები, ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტები და PPP პროექტები; ამასთან, 2023 წელს სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა ზარალმა 206 მლნ ლარი შეადგინა. გასული წლებისგან განსხვავებით, გაცვლით კურსს არ ჰქონია არსებითი გავლენა საწარმოების ფინანსურ შედეგებზე - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც უწყებამ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოამზადა.

ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება.

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემდგომი განხილვის პროცესში, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:

  • 2025 წლისთვის განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი (5.5%) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზებთან შედარებით მცირედით ოპტიმისტურია;
  • მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად და „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ დოკუმენტში აისახოს ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების სხვადასხვა ხარისხითა და კომბინაციით მატერიალიზაციის ეფექტების შესახებ, რაოდენობრივ ჭრილში;
  • ასევე, მნიშვნელოვანია, კანონპროექტს ახლდეს ინფორმაცია სხვადასხვა ეკონომიკური სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ;
  • 2025 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%-ის დონეზეა პროგნოზირებული და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი 3.0%-იანი ლიმიტის ფარგლებშია;
  • კანონპროექტით წარმოდგენილი პროგნოზებით ადგილი აქვს არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდის ნომინალური მაჩვენებლის სტაბილიზაციას, რაც შემდგომ წლებში ერთიანი ბიუჯეტის გადასახდელებში კაპიტალური დანახარჯების წილს შეამცირებს;
  • 2022-2023 წლებთან შედარებით, მომდევნო წლებში მზარდი სხვაობით ხასიათდება ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტისა და პირველადი ბალანსის მაჩვენებლები, რაც ერთიანი ბიუჯეტის საპროცენტო ხარჯების მზარდი დინამიკითაა გამოწვეული;
  • ბიუჯეტის კანონპროექტს არ ახლავს სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაციის დანართი, რაც საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნაა;
  • ფისკალურ პარამეტრებზე პოტენციური გავლენის მასშტაბის გათვალისწინებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების ჯეროვანი შესრულებისათვის, მნიშვნელოვანია, სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების მიერ დამატებითი ყურადღება გამახვილდეს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენი ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის გაუმჯობესების საკითხებზე საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე;
  • ორგანული კანონით განსაზღვრული 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია პროგნოზირებული ვალის წესის მიზნებისთვის დათვლილი მაჩვენებელიც, რომელიც 36.8%-ს უტოლდება;
  • ვალის წესის მაჩვენებელში გათვალისწინებულია სამთავრობო სექტორის საწარმოების ვალდებულებები. ამავდროულად, მთავრობის ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების მიერ ვალის აღების შესაძლებლობები დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე;
  • ფისკალური რისკების ძირითადი წყაროებია სახელმწიფოს საწარმოები, კვაზი-ფისკალური აქტივობები, ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტები და PPP პროექტები;
  • 2023 წელს სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა ზარალმა 206 მლნ ლარი შეადგინა. გასული წლებისგან განსხვავებით, გაცვლით კურსს არ ჰქონია არსებითი გავლენა საწარმოების ფინანსურ შედეგებზე;
  • საყურადღებოა, რომ სახელმწიფო საწარმოთა აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების წყარო ვალდებულებებია, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა;
  • კანონპროექტზე თანდართულ „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო საწარმოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ არ მოიცავს „სხვა ხარჯების“ მუხლიდან მიღებული დაფინანსების შესახებ მონაცემებს;
  • ასევე, სახელმწიფო მმართველობის სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოები და სახელმწიფო კორპორაციები განსხვავებული ფორმით წარმოქმნიან ფისკალურ რისკებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში ერთმანეთისგან გამიჯნულად იქნეს გაანალიზებული საწარმოთა ამ ორი ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები;
  • „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში განხილულია ელექტროენერგიის შესყიდვის კონტრაქტებთან დაკავშირებული პოტენციური რისკები და დანახარჯები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს შემდგომ ხარისხობრივ გაუმჯობესებას და დეტალიზებას;
  • „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტის წარმოდგენილ ვერსიაში არ არის ასახული ინფორმაცია სასამართლო დავებიდან მომდინარე რისკებისა და გრძელვადიანი ფისკალური რისკების შესახებ;
  • მნიშვნელოვანი ფისკალური რისკები იჩენს თავს ქვეყანაში მოქმედ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტს დაემატოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მომდინარე პოტენციური რისკების შესახებ;
  • რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების/ქვეპროგრამების ბიუჯეტების განსაზღვრის პროცესში მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციებიც, რათა დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენება და დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისება;
  • 2022 წლიდან მიმდინარე ხარჯები ძირითადად ზრდადი, კაპიტალური ხარჯები კი კლებადი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, კანონპროექტით წარმოდგენილი პროგნოზით, კაპიტალური ხარჯების მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 2028 წლისთვის 6.2%-მდე მცირდება;
  • ქვეყანაში ოპტიმალური ფისკალური სივრცის არსებობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, კაპიტალური დანახარჯების სტაბილური დონის განსაზღვრა და შენარჩუნება, რასაც არსებითი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე;
  • საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, 2028 წლიდან საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციით განსაზღვრული განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მშპ-ს მინიმუმ 6%. მოცემული მიზნის 2028 წელს მიღწევისთვის განათლების სფეროს დაფინანსების წლიური ზრდის ტემპი 2025-2028 წლებში საშუალოდ 22.5%-ს უნდა შეადგენდეს, რაც გამოწვევაა;
  • 2025 წლისთვის მთავრობის ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 35.8 მლრდ ლარის დონეზეა განსაზღვრული (მშპ-ს 36.8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.1 მლრდ ლარით (9.5%-ით) აღემატება;
  • „მთავრობის ვალის მართვის“ სტრატეგიით განსაზღვრული ნიშნულების საბიუჯეტო პროცესში უკეთ ინტეგრირებისთვის, მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე განაახლოს სტრატეგიის დოკუმენტი;
  • 2022 წლიდან გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირობებში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდება მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 3.4%-ს შეადგენს და ბოლო ათწლიანი პერიოდის ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება;
  • საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი მთავრობის საგარეო ვალში მზარდი ტენდენციით ხასიათდება და 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 51.6%-ს შეადგენს. ვალის პორტფელში აღნიშნული ტიპის სესხების მაღალი წილი, მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში, ვალის მომსახურების (პროცენტის) ხარჯის ზრდას იწვევს;
  • კანონპროექტზე თანდართული პროგნოზებით, მთავრობის ვალის საპროცენტო ხარჯების ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებთან ფარდობის მაჩვენებელი 2025 წლისთვის 6.5%-ია, რაც ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და საშუალოვადიან პერიოდშიც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება;
  • მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მთავრობის ვალის მართვის განახლებულ სტრატეგიაში აისახოს ვალის მომსახურების ხარჯების შეფასების ინდიკატორ(ებ)ი და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების პოტენციური გავლენის შეფასება ამ ინდიკატორ(ებ)ზე;
  • მთავრობის ვალთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკ-ფაქტორების სრულფასოვანი ანალიზის მიზნით, მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი“ მოამზადოს IMF-ისა და WB-ის განახლებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;
  • მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. ამ კუთხით საყურადღებოა, პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების გამართულობა, შედეგების შეფასების ინდიკატორების ხარისხი, მათ შორის ცხადი სამიზნე მაჩვენებლების არსებობა და ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.