კახეთში კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ტარდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის - ე.წ იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებენ.

უწყების ინფორმაციით, წამლობის სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ. "კალიის წინააღმდეგ წამლობას სპეციალისტები როგორც სამანქანო დანადგარებით, ასევე ავიაციის მეშვეობოთ ახორციელებენ. ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 14 500 ჰექტარია წამლით დამუშავებული (მათ შორის 1500 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით). გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მავნებლის აქტივობა პიკს აღწევს, ღონისძიებები მაქსიმალური ინტენსიობით მიმდინარეობს. იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა კახეთში 26 მაისიდან დაიწყო. წამლობის ღონისძიებები 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სააგენტო საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ წამლობას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით ყოველწლიურად ახორციელებს. გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა", - აცხადებენ სამინისტროში.