ისრაელში, ჰაიფას მახლობლად მდებარე მსხვილ დასახლებულ პუნქტ ზიქრონ-იაკოვში ღვინის ახალი ტურისტული კლასტერის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.
ეს ლოკაცია შემთხვევით არ შეირჩა, რადგან ისრაელის ღვინის ქარხნების უდიდესი ნაწილი სწორედ ზიქრონ-იაკოვის ირგვლივ მდებარეობს.
პროექტის თანახმად, პარკში 265-ნომრიანი ორი სასტუმრო აშენდება და დასასვენებლად საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ტურიზმის მინისტრ ხაიმ კაცის მონაცემებით, ღვინის ქარხნებს სახელმწიფოსთვის წელიწადში, დაახლოებით, მილიარდი შეკელი (266 მლნ დოლარამდე) მოაქვს.
„ისრაელის ღვინომ სამართლიანად გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში. ღვინის ტურიზმზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ღვინის სექტორში ტურისტული გამოცდილების გაუმჯობესება ისრაელის პოზიციას, როგორც გასტრონომიული ტურიზმის წამყვან მიმართულებას, გააძლიერებს,” - აცხადებს მინისტრი.
ცნობისთვის: ისრაელში მეღვინეობა მე-20 საუკუნის ბოლოდან, ძირითადად, ჩასული ემიგრანტების საქმიანობით აქტიურად ვითარდება. ისტორიკოსების კვლევით, პირველი ადგილობრივი ღვინოები რამდენიმე ათასი წლის წინ გამოჩნდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ