„არანაირი კომფორტი - ელემენტარული, საპირფარეშოც კი არ არის“ - რა პრობლემებია სამთო ტურიზმში

ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სამთო-სასიმაღლო გამყოლი გიდი მიხეილ ხორგუანი აცხადებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში არსებულ გამოწვევებზე პერიოდულად წერს. ამჯერად მყინვარწვერზე არსებული პრობლემებით დავინტერესდით.

5054 მეტრზე მდებარე მყინვარწვერი ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის პოპულარული მიმართულებაა, თუმცა ადგილზე პრობლემები მრავლადაა.

„ინფრასტრუქტურა პრობლემურია არამარტო ტურიზმის სფეროში, არამედ მთელ საქართველოშია ზოგადად. ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურა საერთოდ არ გაგვაჩნია. მყინვარწვერს რაც შეეხება, 3700 მეტრზე პოლონელი მაშველები და ექიმები არიან და უდიდეს საქმეს აკეთებენ, ჩვენც ვეხმარებით მათ რიგ შემთხვევაში.

ადგილზე დგას მხოლოდ შენობა, მეტი არაფერია. შენობაში არანაირი სისუფთავე და კომფორტი არ არის. იქ შესაძლებელია მხოლოდ ძილი. ადგილზე არ არის ელემენტარული საპირფარეშოც კი. ერთი პლუსი ისაა, რომ თუ კარგი ამინდია, შეგიძლია ტელეფონი დატენო, მეტი არაფერი“, - განაცხადა მიხეილ ხორგუანმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 5.79 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურად 4.1%-იან ზრდას აჩვენებს. აღნიშნული ვიზიტებიდან 750 ათასზე მეტი არატურისტული მიზნით, 5 მილიონზე მეტი კი ტურისტული მიზნით განხორციელდა.

მერი ტაბატაძე