ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქტიონზე 64.9 მლნ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. სავალუტო აუქციონზე დოლარის გაყიდვის გადაწყვეტილება კი სებ-მა ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით მიიღო.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია.

მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია.

წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.

ცნობისათვის, ეს უკვე მეორე აუქციონია ოქტომბერში, როდესაც სებ-მა ბაზარს დოლარი მიაწოდა. 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა.

მერი ტაბატაძე