შარლ მიშელი - საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვაზეც ისაუბრებენ.

„ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

მისივე თქმით, ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შემთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ.

ამასთან, შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.