ატომური ელექტროენერგია გლობალური მოთხოვნის 9%-ს ფარავს

ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნის 9%-ს ბირთვული ენერგია უზრუნველყოფს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს მსოფლიო ბირთვული ენერგიის 2024 წლის ანალიზში წერია.

კერძოდ, 2023 წელს გლობალური მოთხოვნის 9% ატომურ სადგურებზე წარმოებულმა 2,600 ტერავატ-სთ ელექტროენერგიამ დაფარა, ხოლო ატომური სადგურებიდან ელექტროენერგიის წარმოება, წინა 2022 წელთან შედარებით, 58 ტერავატ-საათით გაიზარდა.

ამასთან, გასულ წელს ატომური ენერგიის დადგენილი სიმძლავრე 1 გიგავატით, 392 გიგავატამდე შემცირდა, ხოლო რეაქტორების რაოდენობა უცვლელი დარჩა და 437 ერთეული შეადგინა.

ბირთვული ენერგიის წარმოების ზრდის მთავარი ფაქტორი ფრანგული რეაქტორების ხელახალი ამოქმედებაა, რომელთა საერთო სიმძლავრეც დაგეგმილი რემონტის შემდეგ 42 ტერავატ-საათს შეადგენს.

Anadolu-ს შეფასებით, ბირთვული ენერგია მსოფლიოში ელექტროენერგიის ყველაზე საიმედო წყაროდ ითვლება, რომელიც მიწოდების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბირთვული რეაქტორების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს ატომურმა ელექტროსადგურებმა 2,1 მლრდ ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფა აღმოფხვრა.

ბირთვული ენერგიის წარმოების ზრდის ლიდერი აზია, კერძოდ, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სამხრეთ კორეა და პაკისტანია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ