მთავრობის განკარგულებით, ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა ნებართვა, შპს „ნახიდური ჰესს“ 49 წლით აღნაგობის უფლებით გადასცეს თეთრიწყაროში მდებარე მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1967 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული. დოკუმენტის თანახმად, კომპანიას ქონების სარგებლობის საფასურად, ყოველწლიურად 1259 ლარის გადახდა დაევალა.
კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიაზე, მდ. ხრამზე, ჰიდროელექტროსადგური „ნახიდური ჰესი“ უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში მიღება უზრუნველყოს. განკარგულების თანახმად, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
გარდა აღნიშნული ნაკვეთისა, მთავრობის განკარგულებით კომპანიას იჯარით გადაეცა კიდევ ერთი მიწა. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 62 კვ.მ ფართობს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ იჯარით გადაცემული მიწა ჰესის მშენებლობის ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს.
სკრინინგის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, შპს „ნახიდური ჰესი“ ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში დღეღამური რეგულირების 7.2 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს ახორციელებს.
„საპროექტო მონაკვეთზე ხეობა დაუსახლებელია. პროექტის გავლენის ზონაში არ ექცევა საცხოვრებელი ან კომერციული დანიშნულების შენობა ნაგებობები. საპროექტო ცვლილებების უბნიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლი გვხდება 3 კმ-ში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია პროექტში შეტანილ ცვლილებებსა და მიზეზებზე. ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ჩატარებულმა დეტალურმა საინჟინრო-გეოლოგიურმა კვლევებმა, ჰესის უსაფრთხო მშენებლობა-ოპერირებისთვის საპროექტო ცვლილებები განაპირობა.
უფრო კონკრეტულად, სადაწნეო მილსადენის მდ. ხრამის მარცხენა სანაპიროზე გადატანა გახდა საჭირო. აღნიშნულმა ცვლილებებმა, განაპირობა სათავე ნაგებობის ინფრასტრუქტურის სარკისებური ცვლილება და მდინარის ნაცვლად 2 ჯერ გადაკვეთისა, 1-ჯერ გადაკვეთა.
„მილსადენის ტრასა თითქმის მთლიანად მიუყვება ხრამის მარცხენა სანაპიროს არსებულ საავტომობილო გზას, ნაცვლად მდინარის აკვედუკით ორჯერ გადაკვეთისა ხდება მხოლოდ ერთხელ გადაკვეთა. არ იცვლება სანაყაროს და სამშენებლო ბანაკების გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტებით გათვალისწინებული ტერიტორიები და პირობები“, - აღნიშნულია სკრინინგის ანგარიში.