ქართველ ექსპორტიორები ევროპაში ახალი გამოწვევის წინაშე დგანან. როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე bpn.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, საერთაშორისო ქსელური მარკეტები ადგილობრივ მწარმოებლებს უკვე 3-4 თვეა გრძელვადიან კონტრაქტებს აღარ უფორმებენ, ამის მიზეზი კი სანქციების მოლოდინია.
როგორც გვანცა მელაძე ამბობს, ეს ეხება ძირითადად უალკოჰოლო სასმელებსა და ღვინოს, რომლითაც ევროპული მაღაზიები მთლიანი წლის განმავლობაში მარაგდებოდნენ.
„ჩვენ რასთანაც შეხება გვქონდა, ძირითადად, ეს არის პროდუქცია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოშია წარმოებული. მეთხილეებისგან ასეთი ინფორმაცია არ გვქონია და არ ვიცით, რადგან ევროპის მიმართულებით ძირითადად მაინც უფრო თხილი გადის. ასევე, არის, ტანსაცმელი, ღვინო, არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, წვენები. ამათგან პრობლემა აქვს ღვინოს და უალკოჰოლო სასმელებს.
სეზონურ პროდუქციას ის უპირატესობა აქვს, რომ შეიძლება მხოლოდ სეზონზე გატანისას გაფორმდეს კონტაქტი და მალევე დასრულდეს პარტნიორობა. შესაბამისად, აქ უფრო ნაკლები რისკია და ზოგჯერ ასეთი შეთანხმება ერთჯერადიც კი არის. თუმცა, როდესაც წლიურ მიწოდებაზე ხდება კონტრაქტების გაფორმება, აქ რა თქმა უნდა, უფრო მეტი დაკვირვების ქვეშ გადის პროდუქცია, საცალო ქსელების მომარაგება ხდება. სწორედ ამ მიმართულებიდან გვაქვს ასეთი უკუკავშირი“,- ამბობს გვანცა მელაძე.
მისი თქმით, გამოსავალი არ ეხება კონკრეტულ სავაჭრო ურთიერთობებს და თუ გეოპოლიტიკური კურსი შეიცვალა, ქართული პროდუქტების ევროკავშირში რეალიზაცია კიდევ უფრო გართულდება.
„ამ შემთხვევაში გამოსავალი არ ეხება კონკრეტულად სავაჭრო ურთიერთობებს, ან რომელიმე საექსპორტო პროდუქციას, მთლიანად პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არის საუბარი. თუ შეიცვალა გეოპოლიტიკური კურსი, მოხდება შესაბამისი რეაგირება ასეთი ქვეყნებიდან და კიდევ უფრო გართულება რეალიზაცია ევროკავშირში. ქართული პროდუქცია არ გამოირჩევა განსაკუთრებული მაღალი კონკურენტუნარიანობით ამიტომ, რაიმე დარგობრივ პრობლემაზე არ არის საუბარი, არამედ, ქვეყნის იმიჯზე. საქართველოსთან არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ჭრილში შეიქმნება პრობლემა, რომელიც რა თქმა უნდა, აისახება ამ დარგებზე და ექსპორტზეც“,- განაცხადა გვანცა მელაშვილმა.