როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ფისტა სულ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. ამაზე მეტყველებს, ყოველწლიურად მზარდი ბაღების რაოდენობაც, თუმცა, ადგილობრივი პროდუქტი, ბაზარზე ჯერ დიდი მოცულობით არ იყიდება. როგორც ფერმერი ივანე ლელაშვილი bpn.ge-სთან ამბობს, ჯერ მეურნეობები გაფართოებაზე მუშაობენ, მომდევნო წლებში კი ნაყოფის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
სანერგე მეურნეობის მესაკუთრე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში 4000 ჰექტრამდე ფისტის ბაღია გაშენებული. ნერგის ფასი კი 10 ლარიდან იწყება, ხოლო ნაყოფის 50 ლარიდან (1კგ).
„ჩვენთან გაშენებულია რამდენიმე ათეული ჰექტარი. საქართველოში ყველაზე დიდი ბაღები (2000 ჰექტარზე მეტი), ირანელებს აქვთ გაშენებული. ჯამში, საქართველოში ფისტის ნერგები 4000 ჰექტრამდე მაინც იქნება გაშენებული თუმცა, ბაზარზე რამდენად გააქვთ, ამას ვერ გეტყვით, რადგან ჯერ თვითონ მოიხმარენ და ასევე, თავის ბაღებს აფართოებენ. ირანელებს კი, თვითონ გააქვთ ექსპორტზე და საქართველოში არ იყიდება მათი ფისტა. როგორც ვიცი, ევროპაში ყიდიან.
რაც შეეხება ღირებულებას, ნერგებზე ისევ ძველი ფასები გვაქვს, 10 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე ადის. ნაყოფის ფასი კი ყოველწლიურად იმატებს იმიტომ, რომ ნაკლები მოსავალია რეგიონში, ზოგან წყალდიდობა და სეტყვა იყო, სტიქიების გამო ბევრი მოსავალი ვერ მიიღეს, ამან გამოიწვია ფისტის ნაყოფზე ფასის ზრდა.
ჩვენთან ადგილზე წარმოებული ფისტის საბითუმო ფასი 35-40 ლარია (1 კგ), ხარისხების მიხედვით, გასაყიდი ღირებულება კი 50-დან 60 ლარამდე მერყეობს. თუ არ ჩავთვლით მარკეტებს, იქ განსხვავებული ფასი აქვს“,- ამბობს ივანე ლელაშვილი.
როგორც სანერგე მეურნეობის მესაკუთრე ამბობს, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებებია ექსპორტზე გასვლაზეც, თუმცა ივანე ლელაშვილის თქმით, ამის რესურსი 3-4 წელში იქნება.
„ექსპორტზეც ვფიქრობთ, დაგვიკავშირდნენ ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მაგალითად, იტალიიდან, აზიიდან, მაგრამ ჯერ ის რაოდენობა, რაც ექსპორტისთვის არის საჭირო, არ გვაქვს და 3-4 წელი გვექნება. 100-200 ტონაა საჭირო, რომ გავიტანოთ. ჯერჯერობით, რამდენიმე წლის განმავლობაში შიდა ბაზარზე ვიმუშავებთ“,- ამბობს ივანე ლელაშვილი