საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, მესტიის დასახლებაში ლაღამის უბნის რეაბილიტაციისთვის მორიგი ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის ღირებულება 4 915 348 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ უფლებამოსილმა მონაწილეებმა,რომლებიც აკმაყოფილებენ შემდგომ ძირითად საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
• მშენებლობის საშუალო წლიური ბრუნვა: 2,800,000.00 ლარი მშენებლობის საშუალო წლიური ბრუნვის მინიმუმი, რომელიც იანგარიშება ბოლო 3 (სამი) წლის (2021, 2022 და 2023)განმავლობაში მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტებისთვის მიღებული დამოწმებული გადახდების საერთო რაოდენობის მიხედვით.
• ფინანსური რესურსების მოთხოვნა: ტენდერის მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია ფინანსური რესურსები, რომ დააკმაყოფილოს (ა) მიმდინარე საკონტრაქტო ვალდებულებები და (ბ) აღნიშნული კონტრაქტისთვის 850,000.00 ლარის მოთხოვნა.
• კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, ან ქვეკონტრაქტორის როლში მონაწილეობა სულ მცირე ერთ კონტრაქტში, რომელიც დამაკმაყოფილებლად და არსებითად იქნა დასრულებული ბოლო 7 წლის განმავლობაში და რომელიც შემოთავაზებული სამუშაოების ანალოგიურია და რომლის ფარგლებშიც ტენდერის მონაწილის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება აღემატება 2,900,000.00 ლარს. სამუშაოები ანალოგიურად ჩაითვლება, თუ ტენდერის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტრაქტი მოიცავს საზოგადოებრივი/ინსტიტუციური/საცხოვრებელი/სამრეწველო შენობის მშენებლობას/რეკონსტრუქციას/რეაბილიტაციას.
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობის (საჯარო ან კერძო)რესტავრაციას/კონსერვაციას, არანაკლებ 400,000.00 ლარის ღირებულებით (მოთხოვნა შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ქვე-კონტრაქტორის გამოცდილებით).
წინადადებების მიღება 23 ოქტომბერს სრულდება.
მესტიაში, ლაღამის უბნის რეაბილიტაციის პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 60-ზე მეტი შენობა-ნაგებობის, მათ შორის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენაა დაგეგმილი.
საპროექტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2020 წლის ნოემბერში გამოცხადებული 33.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი ჩაიშალა, ასევე ჩაიშალა მეორე ტენდერი, რომელიც 2022 წელს ოქტომბერში 35.6 მლნ ლარის ღირებულებით იყო გამოცხადებული.