„დარწმუნებული ვარ, ლარის დასუსტების ნებისმიერი ალბათობის გამორიცხვა უნდათ, არჩევნების წინ“,- ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ეროვნული ბანკის მიერ, სავალუტო აუქციონზე, ამ თვეში უკვე მეორედ განხორციელებულ ინტერვენციას.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მიმდინარე თვეს უკვე 113.4 მლნ დოლარი გაყიდა. გუშინ სებ-მა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. მანამდე, 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარიც გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა. მთლიანად კი, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 282.1 მლნ დოლარი მიაწოდა.
როგორც გიგა ბედინეიშვილი ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია არ შეინიშნება, ინტერვენციები არჩევნებს უკავშირდება.
„დარწმუნებული ვარ, არჩევნების წინ ლარის დასუსტების ნებისმიერი ალბათობის გამორიცხვა უნდათ. მთავრობას ყველაფერი სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნები კატასტროფულად არ წააგოს. ამიტომ, ყველა ფაქტორს ეჭიდება. თუმცა, თითქოს არაფერი სამაგისო არ ჩანს, რომ განსაკუთრებულად გაუფასურდეს ლარი.
დარწმუნებული ვარ, რომ გამორიცხვა უნდათ, თუნდაც თეორიული პერსპექტივის, რომ ლარი გაუფასურდეს. ამიტომ სთხოვენ ეროვნულ ბანკს, რომ გაყიდოს დოლარები. მე სხვა ახსნა არ მაქვს, ამ შემთხვევაში.
რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს ძალიან ცუდ გარემოებას, რომ ეროვნული ბანკი არანაირად არ არის დამოუკიდებელი. ფაქტობრივად, საარჩევნოდ აქვს ეს ტენდენცია სებ-ს, რომ ყველა პრეზიდენტის, თუ მოვალეობის შემსრულებლის შემთხვევაში, არჩევნების წინ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ინტერვენციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა“,- ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.