ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაცია PostEurop-მა რუსეთი და ბელარუსი თავისი რიგებიდან საბოლოოდ გარიცხა.
ამის შესახებ PostEurop-ის გენერალური ასამბლეის 16 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებაში წერია, რომელიც ბელგრადში გაიმართა. ინფორმაციას „უკრპოჩტის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ასოციაციაში რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების წევრობა 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის გამო შეჩერდა, თუმცა 2023 წელს გაგრძელდა. ამჯერად PostEurop-ის მთელი ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცალკეულ ქვეყნებს წევრობა შეუჩერდათ.
„უკრპოჩტა“ განმარტავს, რომ „სანქციები, რომელსაც ევროპელმა საფოსტო ოპერატორებმა ხმა მისცეს, რუსეთსა და ბელარუსს სრულიად ართმევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ PostEurop-ის საერთაშორისო საფოსტო ინიციატივებში, კერძოდ, ითანამშრომლონ ლოგისტიკისა და საბაჟო სფეროებში.“
თავის მხრივ, „უკრპოჩტას“ რუსეთსა და ბელარუსში მიწოდება 2022 წლის თებერვლიდან შეჩერებული აქვს, ხოლო ამ ქვეყნებიდან მანამდე მიღებული ყველა ამანათი ადრესატებს უკან დაუბრუნდათ. იმავე წლის გაზაფხულზე რუსეთსა და ბელარუსს საფოსტო ბლოკადა კიდევ ექვსმა ქვეყანამ გამოუცხადა.
ცნობისთვის: PostEurop არის ასოციაცია, რომელიც 1993 წლიდან ევროპულ საფოსტო ოპერატორებს წარმოადგენს. ეს მსოფლიო საფოსტო კავშირის ფარგლებში ოფიციალურად აღიარებული რეგიონული გაერთიანებაა. PostEurop-ს 53 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 55 წევრი ჰყავს, რომლებიც 175,000 საფოსტო განყოფილებას ემსახურებიან, დასაქმებული ჰყავთ 2 მლნ ადამიანი და ყოველდღიურად 800 მლნ საფოსტო მომხმარებელს ერთმანეთთან აკავშირებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ