ჯერ უცნობია, როდის გადაეცემა "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს

როდის გადაეცემა ფიროსმანის ნახატი - "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს, ჯერ უცნობია. როგორც საზოგადოება 20/30-ში განაცხადეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ტილოს საქართველოში ჩამოტანას გარკვეული პროცედურები სჭირდება, რომლებიც მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ნახატის სამშობლოში დაბრუნება სწორედ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

როგორც კულტურის სამინისტროში განმარტეს, ფიროსმანის ნახატის საქართველოში ჩამოტანასა და მისი მუზეუმისთვის გადაცემის საკითხზე ბიძინა ივანიშვილი მათთან კონსულტაციას არ გადის, რის გამოც უწყება კომენტარს ვერ გააკეთებს. "ნახატი შეიძინა კერძო პირმა, რომელსაც მისი მუზეუმისთვის გადაცემა სურს. ბიძინა ივანიშვილი ამასთან დაკავშირებით ჩვენთან კონსულტაციას არ გადის, რის გამოც სამინისტრო კომენტარს ვერ გააკეთებს", - აღნიშნეს უწყებაში.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით კი, ფიროსმანის ტილოს მათ დაქვემდებარებაში შემავალი ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემის თაობაზე ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ და მათთვის აღნიშნულის შესახებ მხოლოდ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა ცნობილი.

ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატში 1,471,662 დოლარი გადაიხადა. "კრისტის" აუქციონი 1-ელ ივნისს გაიმართა. ფიროსმანის ნახატის გაყიდვას 800,000-1,200,000 ფუნტ სტერლინგად ვარაუდობდნენ.