"საწვავის ფასის მცირე კორექტირებას შესაძლოა, კიდევ ველოდოთ“

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით, პროცესები სტაბილურად გაგრძელდება და შესაძლოა, მცირე კორექტირებას კიდევ ველოდოთ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

„საწვავის ფასების მონიტორინგი ჩვენ მიერ გრძელდება და ბაზარზე არსებულ სურათს ვაფასებთ. სექტემბრამდე წვრილ სადგურებში საწვავის ფასი 15-20 თეთრით შემცირდა, რაც შეეხება მსხვილ ქსელებს, აქ შედარებით გვიან, სექტემბრის ბოლოდან იწყება კლების პროცესი 5-10 თეთრის ფარგლებში. ეს გასაგებიცაა, მოქნილობა წვრილ სადგურებს უფრო აქვთ მარაგებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, სააგენტოს წარმომადგენლებს ნავთობიმპორტიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

„კომპანიებთან სულ გვაქვს კომუნიკაცია და ვაგვარებთ რიგ საკითხებს. მათ შორის მარაგების თემას, ასევე ფასებს და ა.შ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს პროცესები სტაბილურად გაგრძელდება და შესაძლოა, მცირე კორექტირებას კიდევ ველოდოთ. სამწუხაროდ გარემო საკმაოდ არაპროგნოზირებადია და ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. გარშემო რეგიონებში ომებია, რაც ყველა სფეროზე ნეგატიურად მოქმედებს,“ - განაცხადა ლექვინაძემ.

ეკა დარჩიაშვილი