"ჰელსინკის კომისიის განცხადება ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას"

ჰელსინკის კომისიის განცხადება ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას და გამოხატვას 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ მისთვისვე სჯობია, დემოკრატიულ პროცესს მისცეს შანსი“.

„ვხედავთ, დღეს მთელი დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს ეუბნება, რომ დღეს რუსული, ავტოკრატიული რეჟიმი გვმართავს; რომ ამ რეჟიმის თავიდან მოშორების გარეშე ქართველ ხალხს არ შეიძლება რაიმე იმედი ჰქონდეს, რომ მისი მომავალი იქნება დაცული, დემოკრატიული, მდიდარი და ევროპული. მათ შორის, ჰელსინკის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას და გამოხატვას 26 ოქტომბერს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ მისთვისვე სჯობია, შანსი მისცეს დემოკრატიულ პროცესს და საკმაოდ უდრტვინველად დაემორჩილება ქართველი ხალის ნებას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სასამართლოს კანონზე მსჯელობა არ მოუწევს, რადგან „გამარჯვების შემდეგ ოპოზიცია მას გააუქმებს“.

„26 ოქტომბერს ოპოზიცია აპირებს, რომ გაიმარჯვოს და პირველი, რასაც ახალარჩეული პარლამენტი გააკეთებს, ეს იქნება „რუსული კანონის“ გაუქმება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ მოუწევს რუსული კანონის შესახებ მსჯელობა, რადგან ჩვენ მას გავაუქმებთ ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადების მიხედვით, „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები“. ამასთან, აღნიშნულია, რომ „მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს“.