უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

ვენაში, რუსეთთან საგაზო საკითხებზე უშედეგო სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ევროკომისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის იმპორტი შეაჩერა.

"ვიდრე რუსეთთან ფასის თაობაზე არ მოვილაპარაკებთ, რუსეთიდან გაზს აღარ ვიყიდით. ამისთვის სხვა წყაროებს გამოვიყენებთ", - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმირ დემჩიშინმა.

მისივე თქმით, მესამე კვარტალში უკრაინა "გაზპრომისგან" ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ 247,18 დოლარს იხდიდა. კიევის განცხადებით, ეს ფასი მათთვის მიუღებელი იყო.

თუმცა, "ნაფტოგაზში" აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიიდან "გაზპრომის" ევროპელი კლიენტებისთვის გაზის ტრანსპორტირება სრული მოცულობით გაგრძელდება კონკრეტული პირობების შესაბამისად.

2015 წლის პირველ კვარტალში, უკრაინა რუსეთისგან გაზს ათას კუბურ მეტრს 329 დოლარად იძენდა, მეორე კვარტალში კი ფასდაკლების საფუძველზე ათას კუბურ მეტრში 248 დოლარს იხდის.