აზერბაიჯანის ავიახაზებმა ბაქო-ბათუმის რეისი გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია, Azerbaijan Airlines (AZAL) ბათუმში ფრენებს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ AZAL-ის განცხადებაში წერია, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.

კერძოდ, AZAL ბაქო-ბათუმი-ბაქოს რეისებს 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით გაახანგრძლივებს. ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას შესრულდება.

AZAL-ის შეფასებით, რეისების გახანგრძლივება “მგზავრებს საშუალებას მისცემს, პოპულარულ ქართულ კურორტზე ზამთრის მგზავრობები კომფორტულად დაგეგმონ.”

ამასთან, ავიაკომპანიამ ბათუმის მიმართულებით 2025 წლის მარტის ბილეთების გაყიდვა გახსნა, რომელიც 14-დან 28 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

“ეს მოგზაურებს საშუალებას აძლევს, გაზაფხულის არდადეგებზე დასვენება წინასწარ დაგეგმონ,” - წერს AZAL.

ბილეთის ღირებულება ერთ ადამიანზე 131,5 აზერბაიჯანული მანათი, ანუ 77 დოლარია.

ავიაბილეთების შეძენა ოფიციალურ ვებგვერდ www.azal.az-ზე, ასევე, ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით, სალაროებსა და AZAL-ის აკრედიტებულ აგენტებთან არის შესაძლებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ