"ექვსი თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები გადაჭარბებით შესრულდა"

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, 6 თვის მონაცემებით, კვლავ გადაჭარბებით შესრულდა.

სამინისტროს ცნობით, უწყების ოპერატიული ინფორმაციით, 2015 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზი 4 მილიარდ 535.1 მლნ ლარი, 252 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 4 მილიარდ 787.1 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 105.6%). უწყების ინფორმაციით, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 76,9 მლნ ლარით და შეადგენს 3 მილიარდ 581 მლნ ლარს, რაც გეგმის (3 მილიარდ 504.1 მილიონი ლარი) 102.2%-ია. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 378,1 მლნ ლარით (11,8%-ით) აღემატება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 6 თვის გეგმის (3 მილიარდ 708.2 მლნ ლარი) მიმართ გადაჭარბდა 106.2 მლნ ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მლნ ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 102,9%. უწყების ცნობით, 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 405 მლნ ლარით (11,9%-ით) აღემატება.

"აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოთხივე კატეგორია (შემოსავლები, პრივატიზაცია, ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული. ამასთან, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის (4 მილიარდ 572.7 მილიონი ლარი) მიმართ 96,2 %-ს შეადგენს", - ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მიმდინარე წლის 6 თვის ბოლოსთვის 823,5 მლნ ლარს შეადგენს. ჯამში ნაშთის სახით, დაგროვილია დაგეგმილზე 427 მლნ ლარით მეტი.