„ვერ მივიღე პასუხი, რატომ აიკრძალა უცხოელებზე მიწების გაყიდვა - სოფელში ხალხი ამ მიწებს ვერ უვლის“

„ვერცერთი კომპეტენტური ადამიანისგან ვერ მივიღე პასუხი, რატომ აიკრძალა და რა საფრთხეს შეიცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისება“ - ამის შესახებ როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომპანია „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველმა პარტნიორმა, მარიამ სურგულაძემ განაცხადა.

„ძალიან დიდი რაოდენობის მოთხოვნები მოდის საცხოვრებელ სახლებზე რეგიონებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. უფრო სოფლის სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები აინტერესებთ, ამ მოთხოვნას პრაქტიკულად, ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან პირდაპირი აკრძალვა გვაქვს კანონში ასეთი ტიპის მიწების გასხვისების შესახებ უცხოელებზე.

ვერცერთი კომპეტენტური ადამიანისგან ვერ მივიღე სრულფასოვანი პასუხი, რატომ აიკრძალა და რა საფრთხეს შეიცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება უცხოელებზე. იმიტომ, რომ სოფელში ხალხი ამ მიწებს ვერ უვლის, უამრავი მიტოვებული სახლია სოფლად და მიტოვებული სოფლებიც ძალიან ბევრია. კარგი იქნებოდა, ეს აკრძალვა გადაიხედოს, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ეს ჩვენს ეკონომიკასაც გაზრდიდა და სოფლებსაც გააცოცხლებდა“, - განაცხადა მარიამ სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე მიყიდვასთან დაკავშირებით მორატორიუმი თავდაპირველად 2013 წლის ზაფხულში გამოცხადდა. უკვე 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო მიწაის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვა აიკრძალა.

ეკა დარჩიაშვილი