პროფესორმა, ენერგოეფექტურობის სპეციალისტმა ნანი მეფარიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ კორპუსის ბინებსა და კერძო სახლებში ენერგოეფექტურობის საშუალებებზე ისაუბრა.
მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყო, რაც სახლში სითბოს დანაკარგებს იწვევს, რის გამოც ადამიანებს გათბობისთვის ზედმეტი ხარჯების გაღება უწევთ.
„პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ ის დანაკარგები, რომელიც შენობებიდან გვაქვს. ახალაშენებულ კორპუსებში, რომელთა მშენებლობა რეგულაციების გარეშე მიდიოდა, ძალიან თხელი კედლებია და თბოდანაკარგები, რა თქმა უნდა, აქ მეტია. კერძო სახლებს რაც შეეხება, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს დათბუნებული სხვენი და სახურავი.
ყველაზე ეფექტური დამზოგავი მეთოდი არის ჭერის თბოიზოლაცია, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. ამას გათვლები უნდა, მაგრამ განსაკუთრებულად რთული ამაში არაფერი არ არის. ასევე ძალიან ეფექტური საშუალებაა კარის დათბუნება.
თანამედროვე კარებს აქვს ხოლმე გარკვეულწილად დათბუნება, მაგრამ ძველ რკინის კარს ასეთი არ გააჩნია. ამიტომ შეგვიძლია კარის შიდა მხარეს დავკიდოთ სქელი ფარდა, რათა თავიდან ავირიდოთ ცივი ნაკადი. დამიჯერეთ, ეს 2 გრადუსით შეცვლის მისაღებ ოთახში ტემპერატურას“, - აღნიშნა პროფესორმა.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე, ცენტრალური გათბობის სისტემის რადიატორების მონტაჟის ადგილსა და წესებზე.
„ხშირია ფაქტი, რომ ბინაში რადიატორი პირდაპირ კედელსაა ჩახუტებული. ეს არასწორია. მას აქვს მონტაჟის თავისი წესი. ყუთზეც ახატია და მითითებული აქვს თუ რამდენი სანტიმეტრით უნდა იყოს კედლიდან დაშორებული, რათა სითბოს ნახევარი არ გავიდეს კედელში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რადიატორზე არ უნდა იყოს ჩამოფარებული ფარდა. თუ რადიატორი ფარდის უკან მოყვება, იქ ბევრი სითბო გროვდება, რომელიც მერე კედელში ადვილად გადის და ოთახში ნაკლებად ნაწილდება. ყველაზე ეფექტურია რადიატორის ფანჯრის ქვეშ დაყენება, რადგან იქიდან შემოსულ სიცივეს ადვილად იჭერს და სითბოს კარგი ცირკულაცია აქვს“, - განმარტა ნანი მეფარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სახლში სითბოს შენარჩუნებისთვის კიდევ ერთი საშუალება რადიატორის უკან სპეციალური ქაღალდის ან ე.წ. ფოლგის ანუ კილიტის აკვრაა.
„კიდევ ერთი ხრიკია, საცხობი ფოლგა ან სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეძენილი სპეციალური ქაღალდი, გამოვჭრათ რადიატორის ზომაზე და გავაკრათ რადიატორის უკან. პრიალა ზედაპირი უნდა იყოს რადიატორის მხარეს და დაბურული მხარე - კედლისკენ. ეს, სულ მინიმუმ, სითბოს 10%-ს დაზოგავს, რადგან მას კედელში გასვლის საშუალებას არ აძლევს.
ასევე, რადიატორს უკან აქვს პატარა პეპელასავით, რომელიც მისი პირველი ჩართვის და გახურების შემდეგ უნდა გადაატრიალოთ, იქიდან ჯერ ჰაერი და შემდეგ წყალი გამოვა. ეს წყალი შეგვიძლია ჭიქაში ავიღოთ და სანამ წყლის დენა არ შეწყდება თავი არ გაანებოთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რადიატორი ბოლომდე და თანაბრად გათბეს“, - განმარტა პროფესორმა.