აფხაზეთში დენის გათიშვის გრაფიკი ამოქმედდება - რუსეთი დენს უფასოდ აღარ აწვდის

აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო ნოემბრიდან ოთხსაათიანი გათიშვის გრაფიკი ამოქმედდება.

ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ TASS-ს განუცხადა.

მისი ცნობით, „ამჟამად აფხაზეთს 260 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს,“ საიდანაც 1 ნოემბრიდან რუსული „ინტერ რაო“ 180 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას დაფარავს. კერძოდ, ნოემბერში აფხაზეთში 60 მლნ კვტ/სთ, ხოლო დეკემბერში 120 მლნ კვტ/სთ რუსული დენი შევა.

ამასთან, ჯინჯოლიას თქმით, ელექტროენერგიის ეს რუსული ნაკადი უფასო, ანუ სოციალური ნაკადი აღარ იქნება და აფხაზური მხარე მასში კომერციულ ფასს გადაიხდის.

„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ენგურჰესის კაშხალში წყლის დონეს, შედინებასა და სადგურის შესაძლებლობებს უკავშირებს.

ამჟამად ენგურჰესის კაშხალში, რომელიც აფხაზეთის მომარაგების ერთადერთი სადგურია, წყლის დონე ზღვის დონიდან 427 მ-ია. თუ კაშხალში წყლის დონე 420 მ-ზე დაბალია, სადგური ვერ მუშაობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ