BRICS-ზე უარის თქმის გამო ყაზახეთს რუსეთმა სასურსათო ომი გამოუცხადა

“როსსელხოზადზორმა” ყაზახეთიდან პომიდვრის, წიწაკის, ახალი ნესვის, ხორბლის, სელის თესლისა და ოსპის იმპორტი აკრძალა.

ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

ოფიციალური მიზეზი „ფიტოსანიტარული უსაფრთხოების“ უზრუნველყოფაა, რადგან, უწყების ცნობით, წლის დასაწყისიდან ამ პროდუქტების „საკარანტინო ობიექტებით“ დაბინძურების 215 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება.

თუმცა, მედიის შეფასებით, მოსკოვმა აკრძალვა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევის მიერ BRICS-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის საპასუხოდ შემოიღო. კერძოდ, პრეზიდენტის მრჩეველმა და პრესმდივანმა, ბერიკ უალიმ განაცხადა, რომ თოყაევმა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისგან თავის შეკავება არჩია და ის ამ დროისთვის პრიორიტეტს გაერო-ს ანიჭებს, როგორც უნივერსალურ და უალტერნატივო ორგანიზაციას, რომელშიც ყველა მიმდინარე საერთაშორისო პრობლემა უნდა განიხილებოდეს.“

მანამდე, 2 ოქტომბერს, რუსეთმა იმავე ფიტოსანიტარული მოსაზრებებით ყაზახეთიდან მარცვლეულის ტრანზიტი და იმპორტი, ფაქტობრივად, დახურა. ყაზახური მხარე აცხადებს, რომ მოსკოვის არგუმენტები დაუსაბუთებელია. თავის მხრივ, ყაზახმა მეწარმეებმა ეს ზომები “მარცვლეულის ომის” დასაწყისად მონათლეს.

კერძოდ, მარცვლეულზე რუსული შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც ყაზახეთში მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებიდან ხორბლის იმპორტი აგვისტოდან სრულად აიკრძალა. ყაზახეთი ამ გადაწყვეტილებას მარცვლეულის საკუთარი მარაგის გაყიდვის აუცილებლობით ხსნის, რომლის გაყიდვაც უფრო იაფი რუსული ხორბლის გამო უჭირს.

ცნობისთვის: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყაზახეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ პირობა დადო, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს შეასრულებდა. კერძოდ, ხელისუფლებამ ევრაზიული კავშირის საზღვრის გასწვრივ საქონლის გადაადგილებაზე კონტროლი გაამკაცრა და 100-ზე მეტი სახის სანქცირებული პროდუქტის რუსეთში ექსპორტი აკრძალა.

ამასთან, რუსულ ბიზნესს ყაზახეთის ბანკებში პრობლემები გაუჩნდა, რომლებშიც თანხა კვირების განმავლობაში “იყინებოდა,” ხოლო ზოგიერთმა საკრედიტო ორგანიზაციამ, მათ შორის, ყაზახეთის ყველაზე დიდმა Halyk Bank-მა რუსეთთან ყველა ოპერაცია შეაჩერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ