კომუნიკაციების კომისიამ, მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედ ჩატარებულ აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „მაგთიკომი“ გამოაცხადა. შედეგად, “სელფი მობაილთან” ერთად, ქვეყანაში 5G ინტერნეტს უკვე აღნიშნული ოპერატორიც დანერგავს.
როგორც კომისია განმარტავს, აღნიშნული ლოტის საფასურმა ჯამში 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორმა სრული თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა და 700 მჰც და 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია 15 წლის ვადით მიენიჭა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, დარჩენილი 70% „მაგთიკომმა“ ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
„მაგთიკომმა“ განაცხადი ასევე შემოიტანა ცალკე მდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში, რომელთა აუქციონიც 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად კი, „მაგთიკომი“ ვალდებული იქნება მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად.