„მათი გაყოფა უბრალოდ უაზრობაა. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მცირე მთავრობის კონცეფციაზე გადასვლა ფორმალური იყო, სინამდვილეში კი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი და შესაბამისად დანახარჯები, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„თავის დროზე ეს მოხდა ფორმალურად. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საშინლად გაიზარდა ბიუროკრატია. ათეულობით ათასი ადამიანი იქნა გაფორმებული პოლიტიკური პარტიის აქტივში, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში. სამინისტროების რაოდენობა შემცირდა და ერთი შეხედვით, ეს გამოიყურებოდა ბიუროკრატიის შემცირებად. ცენტრალური აპარატის ზომა შემცირდა, მაგრამ ქვესაუწყებო დაწესებულებებში დასაქმებულთა რიცხვი გაზარდა ათეულ ათასობით. ამიტომ, ფაქტობრივად, საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიზებული ქვეყანაა ევროპაში.
1 ადგილზე გაფორმებულია 10 ადამიანი ანუ საქმე, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ერთი ადამიანის მიერ, უნდა გაკეთდეს ათის მიერ და აქედან 9 არის „ქართული ოცნების“ სანათესავო და პარტიული აქტივისტი.
სამინისტროების გამსხვილება, ზოგადად, კარგია, მაგრამ ეს მოხდა უწყებების რაოდენობის შემცირების დონეზე, იქ დასაქმებული ადამიანების რიცხვი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა“,- აღნიშნა დეპუტატმა.
რომან გოცირიძე ვერ ხედავს კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფის აუცილებლობას და აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
„მათი გაყოფა უბრალოდ უაზრობაა. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სამინისტროების გაყოფის არც საჭიროება არსებობს და არც რაიმე აზრი აქვს ამის გაკეთებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება.
მისივე თქმით, გაყოფის შემდეგ, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ახლად დანიშნული მინისტრი - თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს, რომელიც უწყების გაყოფამდე, თინათინ რუხაძის პირველი მოადგილე იქნება.