უძრავი ქონების გაყიდვებმა თურქეთში 2023 წლის სექტემბერში ბოლო ორი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.
კერძოდ, სექტემბერში გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37.3%-ით გაიზარდა და 140 919 ერთეული შეადგინა. ამ ინფორმაციას თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TUİK) ავრცელებს.
უძრავი ქონების გაყიდვებმა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეშიც დადებითი დინამიკა აჩვენა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 947 236 ერთეულს მიაღწია.
თურქეთში უძრავი ქონების გაყიდვით ლიდერი სტამბოლი რჩება. სექტემბერში ამ ქალაქში 21 314 ქონება გაიყიდა. მას მოსდევს ანკარა (13205) და იზმირი (7612).
სექტემბერში უცხოელებზე 2 220 უძრავი ქონება გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 31%-ით ნაკლებია. მათი წილი მთლიან გაყიდვებში 1.4% იყო.
ყველაზე მეტი ქონება უცხოელებზე გაიყიდა სტამბოლში (783), ანტალიაში (548) და მერსინში (210). 2023 წლის პირველ ცხრა თვეში უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 39.1%-ით შემცირდა და 17900 ერთეულს შეადგენდა.
უცხოელ მყიდველებს შორის ლიდერები არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც სექტემბერში თურქეთში 346 ქონება შეიძინეს. მათ მოსდევს ირანის (163) და ერაყის (139) მოქალაქეები.