„600 ტონა კარტოფილი ისევ ასაღები მაქვს და მუშახელის სიმცირის გამო ვერ ვიღებ“ - ფერმერი

„600 ტონა კარტოფილი ისევ ასაღები მაქვს და მუშახელის სიმცირის გამო ვერ ვიღებ“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერმა ილია ყავრელიშვილმა განაცხადა, რომელიც ახალქალაქში კარტოფილს აწარმოებს.

როგორც მან განმარტა, მუშახელის დეფიციტი პრობლემა რომ არ იყოს, წარმოებასაც გაზრდიდა და მოსავლიანობასაც.

„ამ პრობლემაზე მქონდა მუნიციპალიტეტის მერიასთან საუბარი, რათა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში მომხდარიყო ჩემი წარმოების ინტეგრაცია და მაგალითად დასუფთავების სამსახურის ნაცვლად, ჩემთან დასაქმებულიყვნენ ადამიანები. იმ ანაზღაურების ნაცვლად, რომელიც ძირითადად 300 ლარია, შემეძლო სტაბილურად 800 ლარი გადამეხადა ხელფასის სახით, მაგრამ ამის გაკეთება რატომღაც ვერ მოხერხდა.

სტაბილურად რომ მყოლოდა 20 მუშა, წარმოებასაც გავზრდიდი და მოსავლიანობასაც. ახლაც მალე აცივდება, შეიძლება თოვლმაც მოგვისწროს. 600 ტონა კარტოფილი ისევ ასაღები მაქვს და მუშახელის სიმცირის გამო ვერ ვიღებ“, - აღნიშნა ფერმერმა.

ნათია ზარიძე