ხიდები და სკვერები ოლიმპიადის ფერებში განათდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, "სინათლის ქალაქმა" ხიდები და სკვერები ოლიმპიადის ფერებში გაანათა. თბილისის მერიის ინფორმაციით,  2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, "სინათლის ქალაქი" თბილისში მდებარე ხიდებსა და სკვერებს ოლიმპიადის ფერებში ანათებს. ამ დროისთვის ქალაქში სულ 330 ახალი ობიექტია განათებული.

როგორც "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, ოლიმპიადის ფერებში განათებულ ობიექტებს შორისაა მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილის და მშრალი ხიდები. ასევე თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტი, მემედ აბაშიძის სკვერი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ქვევრები. ხორავას თქმით, ხიდებისა და სკვერების გარდა, "სინათლის ქალაქის" მხატვრული მინათების თანამშრომლებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე კლდეც ოლიმპიადის ფერებში გაანათეს.

მისივე განცხადებით, 2015 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე "სინათლის ქალაქი" კიდევ რამდენიმე ობიექტს გაანათებს. მათ შორისაა ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე ხიდი და კახეთის გზატკეცილზე მდებარე გზაგამყოფი. ვასილ ხორავას თქმით, დედაქალაქში ღამით გასეირნება, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის განცხადებით, ობიექტებზე მხატვრული განათებები ოლიმპიადის მერეც დარჩება.