2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „სწორედ „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია წარსულის შთამბეჭდავი მიღწევები და მსოფლიო სავალუტო ფონდის ის სამომავლო პროგნოზი, რომლის თანახმადაც, ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია“.
„2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით და ჩვენ ამაყად, თავაწეულნი შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში.
რაც ყველაზე მთავარია, ამ პროგრესის მთავარი წინაპირობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ერთადერთ პოლიტიკურ ძალად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც კი, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, ქვეყანას ასე სანუკვარი რამ - 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა“, - განაცხადა ივანიშვილმა.